რუსეთის ხელისუფლება დიზელის საწვავის ექსპორტის სრული აკრძალვის გახანგრძლივებას, სულ მცირე, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ს ინდუსტრიის სამმა წყარომ განუცხადა.
ერთ-ერთი მათგანის ცნობით, ასევე, აკრძალვის წლის ბოლომდე გახანგრძლივებაც განიხილება.
რუსეთის მთავრობამ დიზელის საწვავის ექსპორტის სრული აკრძალვა გადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმების შედეგად შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ივლისის დასაწყისში დააწესა. მოგვიანებით ემბარგო 31 აგვისტომდე გაგრძელდა.
რუსეთს, ასევე, 2027 წლის 31 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე საავიაციო საწვავის ექსპორტიც აკრძალული აქვს.
შიდა ბაზრის მომარაგების მიზნით რუსეთმა, ბელარუსის გარდა, ნავთობპროდუქტების იმპორტი აზიის ქვეყნებიდან დაიწყო. თუმცა ივლისის ბოლოდან ხანმოკლე შევსების შემდეგ რუსეთის ზოგიერთ რეგიონში დეფიციტი აგვისტოში ისევ გაჩნდა.
ერთი წყაროს ცნობით, რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტის სრული აკრძალვის ხანგრძლივობა წარმოების დინამიკის მიხედვით და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაუგეგმავი ტექნიკური რემონტის დასრულების პარალელურად შეიძლება, დაკორექტირდეს.
გასულ კვირას რუსეთის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მთავრობას აკრძალვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მან დასძინა, რომ შიდა ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტი არ არის და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რემონტის დასრულების შემდეგ საწვავის დამატებითი მოცულობების მიწოდება დაიწყო.

