
რუსეთში AI-95-ის ბენზინის მწვავე დეფიციტია, რომელიც მომხმარებლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ინფორმაციას Infotek სერვის “ბენზონავტის” მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ბენზონავტი” უმსხვილესი ქსელების, Lukoil-ის, Rosneft-ის, Gazpromneft-ის, Teboil-ის, Tatneft-ის, Neftmagistral-ის, Trassy-ს, TamicEnergy-ს, General Fueller-ისა და Shell-ის ბენზინგასამართი სადგურების მონიტორინგს ეწევა. სერვისი ბენზინის ხელმისაწვდომობის, ხოლო მძღოლებისგან და ღია წყაროებიდან რიგების შესახებ აგროვებს მონაცემებს.
ამჟამად AI-95-ის შოვნა 26.1 ათასიდან მხოლოდ 5.6 ათასზე, ანუ მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების 22%-ზე არის შესაძლებელი. გასულ კვირას ბენზინგასამართი სადგურების წილი, სადაც AI-95-ის შეძენა იყო შესაძლებელი, 22-30%-ს შორის მერყეობდა.
ამ ბრენდის ხელმისაწვდომობა არცერთ რეგიონში 50%-ს არ აღემატება. ყველაზე ცუდი მდგომარეობა სახალინის რეგიონში (3%), ასევე, ანექსირებულ ყირიმში (2%) და სევასტოპოლშია (1%). მოსკოვში AI-95-ის ბენზინის შოვნა 786 სადგურიდან მხოლოდ 161-ზე არის შესაძლებელი, რაც 20%-ია. დიზელის საწვავი მოსკოვის 392 ბენზინგასამართ სადგურზე (50%), ხოლო AI-92-ი 236-ზე (30%) არის ხელმისაწვდომი. AI-95-ის ხელმისაწვდომობით ლიდერი სანკტ-პეტერბურგია (42%), შემდეგ კი თათრეთი (41%) და ორიოლის ოლქი (36%) მოდის.
რუსეთში ამ ბრენდის ლიტრი ბენზინი, საშუალოდ, 71 რუბლი (0.85 დოლარი) ღირს.
ცნობისთვის: რუსეთში საწვავის კრიზისი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების ახალი სერიის შემდეგ გაუარესდა. აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული, ინდუსტრიაში 10-ზე მეტი საწარმო დაიბომბა, სულ მცირე, ხუთი კი შეფერხდა. Rystad-ის შეფასებით, ამჟამად გადამუშავების მოცულობა სეზონურ ნორმას მესამედით ჩამორჩება.
შედეგად, მსხვილი ნავთობკომპანიების ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის გაყიდვებზე ლიმიტი აღდგა, რაც პეტერბურგსა და მოსკოვშიც გაჩნდა. თუმცა მოსკოვს ურალისა და ციმბირის საწვავი პრიორიტეტულად მიეწოდება. ბენზინის გაყიდვაზე ოფიციალური შეზღუდვები ლიპეცკის, კალუგის, ორენბურგის, ლენინგრადის, სამარას ოლქებმა და ზაბაიკალის მხარემ შემოიღო.

