რკინიგზის მშენებლობა, რომელიც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,“ ანუ TRIPP-ის პროექტის ნაწილია, სომხეთის მთელ სამხრეთ საზღვარზე იგეგმება და რუსეთს დაუკავშირდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში 2026-2031 წლების სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რასაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რკინიგზა ნრნაძორ-აგარაკის მარშრუტით სომხეთის სამხრეთ საზღვარზე, მდინარე არაქსის გასწვრივ, საბჭოთა პერიოდში ცნობილი რკინიგზის პროექტის მიხედვით გაივლის. ის, ფაშინიანის ცნობით, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთს რუსეთთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს და “ცხადია, მასზე, განსაკუთრებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უზარმაზარ სატვირთო მოძრაობა გაჩნდება.”
“ეს ტვირთი აუცილებლად TRIPP-ით გაივლის,“ – ამბობს ფაშინიანი.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსულ მხარეს, რომ რესპუბლიკაში რკინიგზის მართვის კონცესია მესამე მხარეზე გაყიდოს, სომხეთი კი ინვესტიციებისთვის მზად არის.
„ახურიკ-ერასხის რკინიგზა დღეს არსებობს, ანუ მისი გამოყენება მცირე ინვესტიციებითაც შესაძლებელია. ვინ არის ინვესტორი, რომელიც ინვესტირებას აპირებს?! მე ვიცნობ ამ ინვესტორს: ეს სომხეთის რესპუბლიკაა, რომელიც თავისი რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გამოწვევის წინაშე დგას. დღეს სომხეთმა ეს ინვესტიციები დაიწყო. და თუ ცუდი საინვესტიციო გარემოა, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ცუდი საინვესტიციო აქტივი უნდა გადმოგვეცეს. მოდით, გადავცეთ ის მესამე მხარეს. ვიცი, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც მზად არიან, 400 მლნ დოლარი გადაიხადონ,“ – ამბობს პრემიერი.
2008 წლიდან სომხეთში სარკინიგზო ქსელს 30-წლიანი საკონცესიო ხელშეკრულებით რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანია, „სამხრეთკავკასიური რკინიგზა” მართავს და და 100%-იანი საკუთრებით ფლობს.
20 აგვისტოს ბოლო ბრიფინგზე ფაშინანმა დააანოსა, რომ სომხური ერასხიდან ნახიჩევანის (აზერბაიჯანი) საზღვრამდე და ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე სარკინიგზო მონაკვეთების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა სრულად სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მანამდე, 30 ივლისს პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის, სომხეთის რკინიგზის ოპერირების საკითხთან დაკავშირებით არბიტრაჟს მიმართოს, თუ საკითხი მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება. მისი თქმით, ერევანს შეუძლია, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის იჯარისთვის რუსეთისგან წელიწადში 2 მლრდ დოლარი მოითხოვოს.
იმავე დღეს ჰოლდინგურ კომპანია “რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელ ოლეგ ბელოზეროვმა განაცხადა, რომ თუ სომხეთთან საკონცესიო პირობები შეიცვლება ან სომხური მხარის ინიციატივით შეწყდება, ჩადებული ინვესტიციის დაბრუნებას მოითხოვს.
კიდევ უფრო ადრე, 13 თებერვალს ფაშინიანმა მოსკოვს შესთავაზა, საკონცესიო უფლებები „მეგობარ“ ქვეყანას, ყაზახეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ან კატარს მიჰყიდოს, რადგან არსებული ვითარება სომხეთს „კონკურენტულ ზარალს“ უქმნის. თუმცა საპასუხოდ რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ამისთვის „არავითარი ობიექტური მიზეზები“ არ არსებობს. ამის შემდეგ ფაშინიანი ამბობდა, რომ რკინიგზა სომხეთს ეკუთვნის და მას უფლება აქვს, ის „როგორ მიზანშეწონილადაც ჩათვლის,” ისე გამოიყენოს.
ფაშინიანი საკონცესიო ხელშეკრულების გადახედვის ერთ-ერთ მიზეზად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ასახელებს, მაშინ, როცა TRIPP-ის გაგრძელებად „ორ კონკურენტულ ვარიანტს“ მიიჩნევს. ერთი არის ახალი ხაზი თურქეთის ყარსიდან, ხოლო მეორე – სომხეთის გავლით, ანუ ერასხიდან ახურიანამდე.

