უკრაინა NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) მეშვეობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შეძენას შეძლებს. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ახალმა პარტნიორობამ შესაძლოა, კიევს სამხედრო მარაგების უფრო სწრაფად და იაფად მიღების შესაძლებლობა მისცეს.
NSPA ალიანსის წევრებსა და პარტნიორებს შესყიდვებსა და ლოგისტიკურ უზრუნველყოფაში ეხმარება. სააგენტოსთან თანამშრომლობა უკრაინას სამხედრო შესყიდვებისთვის დამატებით გზას გაუხსნის და საშუალებას მისცემს, უკვე არსებული მომწოდებლების ქსელით ისარგებლოს.
“ეს უკრაინას უფრო ორგანიზებულ ჩარჩოს სთავაზობს, რათა ჩვენ მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების ფართო სპექტრით ისარგებლოს – შესყიდვების გამოცდილებით, დამხმარე მომსახურებითა და ჩამოყალიბებულ სამრეწველო ბაზაზე წვდომით.” – განუცხადა გამოცემას NSPA-ს ოპერაციების მხარდაჭერის დირექტორმა, ჟაკლინ ბორსბომმა.
ამასთან, სააგენტოსთან თანამშრომლობა შესაძლებლობებს უკრაინელი მწარმოებლებისთვისაც შექმნის. FT-ის ცნობით, გასულ კვირას სააგენტომ კიევში დაახლოებით 150 უკრაინული კომპანიის მონაწილეობით შეხვედრა გამართა. მათ აუხსნეს, თუ როგორ დარეგისტრირდნენ მიმწოდებლებად და როგორ მიიღონ მონაწილეობა კონტრაქტების მოსაპოვებელ კონკურსებში.
აღსანიშნავია, რომ ახალი პარტნიორობა PURL-ისგან დამოუკიდებელი მექანიზმია. PURL-ის ფარგლებში NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინისთვის ამერიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას აფინანსებენ, ალიანსი კი მიწოდებას კოორდინაციას უწევს.

