აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთში დრონების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

რუსეთში, ტულაში, უპილოტო საფრენი აპარატების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის ТулаДрон-ის გენერალური დირექტორი ევგენი გრიგორიევი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Myslo წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გრიგორიევი სასამართლომ ჯერ კიდევ 14 აგვისტოს ორი თვით წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხასთან დაკავშირებულ თაღლითობას ედავებიან.

გრიგორიევის დაკავების შესახებ წერს სამართალდამცავებთან დაახლოებული Telegram-არხი Mash-იც.

ტულის ოლქის ხელისუფლებამ “ტულა დრონის” სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის შექმნის შესახებ 2025 წელს განაცხადა. ცენტრი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი უნდა გამხდარიყო და სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებასა და წარმოებას უზრუნველყოფდა.

რეგიონის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის განცხადებით, ცენტრის ამოქმედებისთვის 1 მილიარდი რუბლი გამოიყო, საიდანაც 678.5 მილიონი რუბლი ფედერალური ბიუჯეტის დაფინანსება იყო.

რუსეთში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

ივლისის ბოლოს მოსკოვში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს მილიარდერი ვალერი კუსტოვი, რომელიც “ეფკო” ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და მთავარი აქციონერია. საქმე დაკავშირებულია უპილოტო ავიაციის სისტემების პროექტ “მომავლის ტრანსპორტის” შექმნასთან.

გარდა ამისა, მოსკოვის სასამართლომ 9 აგვისტოს დრონების მწარმოებელი კომპანია “დრონ სოლუშენსის” მოქმედი და ყოფილი გენერალური დირექტორები, ვიაჩესლავ ბარბასოვი და ირაკლი ხაზალია, თაღლითობის საქმეზე დააპატიმრა.

იტვირთბა....