აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველო უარს ამბობს ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე, პრიორიტეტს სუვერენიტეტსა და პრაგმატიზმს ანიჭებს

საქართველო უარს ამბობს ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე, პრიორიტეტს სუვერენიტეტსა და პრაგმატიზმს ანიჭებს – ამ სათაურით აქვეყნებს ირანული გამოცემა Tehrantimes სტატიას და წერს:

“საკუთარი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მტკიცე დეკლარირებით, საქართველომ ოფიციალურად განაცხადა უარი ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ბოლო იძულებით სანქციებთან მიერთებაზე. ეს გადაწყვეტილება ასახავს იმ ქვეყნების მზარდ ტენდენციას, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ბრმად მიჰყვნენ დასავლეთის ეკონომიკური ზეწოლის ტაქტიკას…

თბილისის უარი ევროკავშირის შემზღუდველი ზომების აღსრულებაზე ხაზს უსვამს თეირანსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კონსტრუქციული და პრაგმატული ურთიერთობების სასიცოცხლო მნიშვნელობას. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ირანსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც აჩვენებს, რომ ორმხრივი პატივისცემა და რეგიონული კავშირები ბევრად უფრო დიდ სარგებელს იძლევა, ვიდრე ევროპის ცალმხრივი დიქტატისადმი მორჩილება. დასავლური დიქტატის ნაცვლად ეროვნული ინტერესების არჩევით, საქართველო უერთდება მზარდ მულტიპოლარულ კონსენსუსს, რომელიც უარყოფს რეგიონულ საქმეებში გარედან უკანონო ჩარევას.” | ნათქვამია ირანული მედიის სტატიაში.

საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 14 აგვისტოს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებებიდან გახდა ცნობილი. EU-ს სასანქციო გადაწყვეტილებას შეუერთდა ევროკავშირის კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია. საქართველოსთან ერთად სიაში არ არის სერბეთი და თურქეთი

ცნობილია, რომ 24 ივლისს ევროკავშირის მიერ მიღებული სამი გადაწყვეტილება ეხება უკრაინასთან ომში ირანის მიერ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას, ახლო აღმოსავლეთში თეირანის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების დახმარებასა და ნაოსნობის თავისუფლების ხელყოფას, ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებსა და ისლამური რეჟიმის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ სანქციებს.

ასევე, ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭომ ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი კიდევ ექვსი პირი დაასანქცირა. მათ შორისაა ხუთი ირანელი მოსამართლე და ჰაკერი ნიმა სალეჰი. სანქციები მოიცავს ევროკავშირში აქტივების გაყინვას, მგზავრობის აკრძალვასა და სანქცირებული პირებისთვის თანხებისა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

იტვირთბა....