აშშ-ს საზღვაო ძალების დეპარტამენტმა თავდაცვის კომპანია RTX-ის შვილობილ Raytheon-ს $22.9-მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიზანიც Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების წარმოების მკვეთრად გაზრდაა.
შვიდწლიანი კონტრაქტი Raytheon-ს საშუალებას მისცემს, Tomahawk-ის წლიური წარმოება ამჟამინდელი 60-დან 1 000-ზე მეტ რაკეტამდე გაზარდოს. ეს წარმოების ტემპის 16-ზე მეტჯერ ზრდას ნიშნავს.
“ჩვენ ინდუსტრიას საბრძოლო მასალების წარმოების სწრაფად გაზრდისკენ მოვუწოდეთ და RTX ამ მოწოდებას პასუხობს. ეს უმნიშვნელოვანესი კონტრაქტი უზრუნველყოფს, რომ ჩვენს სამხედროებს მათთვის საჭირო საცეცხლე ძალა კვლავ ჰქონდეთ.” – დაწერა აშშ-ს საზღვაო ძალების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჰუნგ კაომ.
Tomahawk ზღვიდან გასაშვები, შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმებისთვის გამოიყენება. მისი გაშვება როგორც სამხედრო ხომალდებიდან, ისე წყალქვეშა ნავებიდანაა შესაძლებელი.
აღნიშნული კონტრაქტის გარდა, აგვისტოს დასაწყისში აშშ-ს არმიამ თავდაცვის კომპანიებთან შეთანხმებები Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის რაკეტების კომპონენტების წარმოების გასაზრდელადაც გააფორმა.

