უკრაინამ რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო აეროდრომი – მარინოვკა დაბომბა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ჩვენი შორსმსროლელი „სანქციებით“ ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც ის მოვიდა. გასულ ღამეს ჩვენმა ღრმა დარტყმებმა დააზიანა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა პერმში, საზღვრიდან 1600-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით და სამხედრო აეროდრომი „მარინოვკა“ ვოლგოგრადის ოლქში. გვაქვს შედეგები შავი ზღვის აკვატორიაშიც. ასევე გვაქვს წინა დარტყმების დადასტურებული შედეგები: აეროდრომ „ახტუბინსკზე“ დაზიანებულია რუსული თვითმფრინავი სუ-34. მანძილი – ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრია. ხოლო პრიმორსკო-ახტარსკში, თითქმის 180 კილომეტრის დაშორებით, განადგურებულია იმ დამრტყმელი დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილი, რომლებითაც რუსები ჩვენს ხალხს უტევენ. მადლობა უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფს სიზუსტისა და მიზანში დარტყმისთვის. დიდება უკრაინას!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

