სრულმასშტაბიანი შემოჭრის ყველაზე მძიმე, პირველ დღეებში, როდესაც უკრაინის ბედი დამოკიდებული იყო ყველაზე, ვისთვისაც ის სულერთი არ იყო, უკრაინელი მეომრების მხარდამხარ დადგნენ მოხალისეები და გმირები მრავალი მეგობარი ქვეყნიდან – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დმიტრი ბერეჟნიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი საქართველოს შვილებს უკავიათ.
“დღეს მრავალი ქართველი მებრძოლი – სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე და სხვა სახელმწიფოების მოქალაქე ეთნიკური ქართველები – იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ფორმირებების შემადგენლობაში. იარაღით ხელში ისინი იცავენ უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან მშვენივრად ესმით: ეს ბრძოლა საერთოა. საკუთარ თავზე რუსული აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამოცდის შემდეგ, ქართველ ხალხს ყველაზე კარგად ესმის უკრაინის ტკივილი და აცნობიერებს, რომ დღეს ხარკოვის, ზაპოროჟიეს ან ხერსონის ოლქებში მხოლოდ უკრაინის მომავალი არ წყდება – იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო მიჯნა, რომლის შედეგზეცაა დამოკიდებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალიც.
ქართველი გმირების სიმამაცე, უშიშრობა და თავდადება უკრაინის ფრონტზე სოლიდარობის უმაღლეს გამოვლინებად და ქართველი ხალხის ყველაზე წონად წვლილად იქცა ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ჩვენ ქედს ვიხრით უკრაინელი და ქართველი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებას. მათი გმირობა სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი საბრძოლო ძმობის ისტორიაში და მომავალი თაობებისთვის გზამკვლევი გახდება…
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე – ეს არის შეხსენება იმისა, რომ თავისუფლება მოითხოვს მუდმივ მზადყოფნას მის დასაცავად. ბრძოლა ყველა ფრონტზე გრძელდება. ის ჩვენგან მოითხოვს ერთიანობას, გამძლეობასა და საკუთარი ძალების ურყევ რწმენას.
ჩვენ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თითოეული გამოვლინებისთვის, თითოეული ქართველი მეომრისთვის, რომელიც ჩვენს გვერდით დგას წინა ხაზზე, უკრაინელი ბავშვებისთვის მიცემული თითოეული თავშესაფრისთვის, თითოეული ლარისთვისა და გენერატორისთვის უკრაინის მხარდასაჭერად.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხების საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისთვის აუცილებლად დასრულდება სამართლიანობის აღდგენით, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების სრული დეოკუპაციითა და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით.
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!“ – ვკითხულობთ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, დმიტრი ბერეჟნის საავტორო სტატიაში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

