აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთის ბანკის ოქროს რეზერვი მკვეთრად იკლებს – Bloomberg

Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთის ბანკის ოქროს რეზერვი მკვეთრად იკლებს.

1-ელი აგვისტოს მონაცემებით, მარაგი 73.2 მლნ უნციამდე, ანუ 2.280 ტონამდე დაეცა, რაც 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, ანუ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი დონეა.

ივლისში რეზერვი 0.2 მლნ უნციით, ხოლო წლის დასაწყისიდან, დაახლოებით, 50 ტონით შემცირდა. შვიდი თვის განმავლობაში რეზერვში ოქროს ღირებულება 33.7 მლრდ დოლარით შემცირდა.

მარაგის კლება, თითქმის, უწყვეტი ზრდის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაიწყო. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ბანკი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი სახელმწიფო შემსყიდველი იყო, თუმცა შესყიდვები 2020 წლის დასაწყისში შეაჩერა. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისისთვის რუსეთის საერთაშორისო რეზერვში ოქროს მოცულობამ 75 მლნ უნციას მიაღწია. მაჩვენებელი მთელი 2025 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა, მაგრამ 2026 წელს სტაბილურად დაიწყო კლება. კერძოდ, 1 იანვარს რეზერვმა 74.8 მლნ უნცია, 1 თებერვალს 74.5 მილიონი, 1 მარტს 74.3 მილიონი, 1 აპრილს 74.1 მილიონი, 1 მაისს 73.9 მილიონი, 1 ივნისს 73.7 მილიონი, 1 ივლისს 73.4 მილიონი, ხოლო 1 აგვისტოს 73.2 მლნ უნცია შეადგინა.

კლება რუსეთის ბანკის შიდა ბაზრის ოპერაციებმა განაპირობა, რომლებიც ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციებს სარკისებურად ასახავს. როგორც წესი, როცა ნავთობისა დაგაზის შემოსავალი ბიუჯეტის წესით დადგენილ დონეს ჩამორჩება, ან კეთილდღეობის ფონდის რესურსი შიდა ინვესტიციებისთვის გამოიყენება, რუსეთის ბანკი ლიკვიდური სარეზერვო აქტივებით საპასუხო ტრანზაქციებს ასრულებს. ამ შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ოქროს გაყიდვის შესახებ ცალკე გადაწყვეტილებას კი არ იღებს, არამედ მექანიზმის ტექნიკურ ნაწილს ახორციელებს.

ასეთი ოპერაციებისთვის ოქრო შესაფერისია, რადგან ის რუსეთში ინახება, რეგულატორისთვის ხელმისაწვდომი რჩება და ბოლო წლებში მისი ფასი მნიშვნელოვნად იზრდება, მაშინ, როცა უცხოური სავალუტო აქტივების გამოყენების შესაძლებლობა მათი საზღვარგარეთ გაყინვის შემდეგ შეზღუდულია. საზღვარგარეთ რუსული აქტივების, დაახლოებით, 300 მლრდ დოლარი არის გაყინული. ცენტრალურმა ბანკმა ოქროს გაყიდვა იმიტომ დაიწყო, რომ იუანის დარჩენილი რეზერვების „დაწვა“ არ სურს. იუანი ცენტრალური ბანკისთვის საბაზრო ოპერაციებისთვის და რუბლის კურსზე გავლენის მოსახდენად ხელმისაწვდომი ბოლო ვალუტაა და უცნობია, თუ რამდენი რჩება მისი ოდენობა ოქროს სავალუტო რეზერვში. ცენტრალურმა ბანკმა რეზერვის სტრუქტურის შესახებ სტატისტიკა სანქციების შემდეგ გაასაიდუმლოვა.

Bloomberg-ის შეფასებით, რუსეთის ისტორიაში ოქროს რეზერვის შემცირების ამჟამინდელი მასშტაბი, პრაქტიკულად, უპრეცედენტოა. მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეზერვის მსგავსი შემცირება მხოლოდ 2002 წელს დააფიქსირა: მაშინ ოქროს რეზერვი ექვს თვეში 36.1 ტონით შემცირდა. კოვიდპანდემიის პერიოდშიც კი ნაკლები გაყიდვები დაფიქსირდა. კერძოდ, 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის აპრილამდე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ 7.6 ტონა ოქრო გაყიდა.

იტვირთბა....