უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში დაბომბა ნავთობტერმინალი და ელექტრო ქვესადგური, რომლებიც ანექსირებული ყირიმის მომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ამის შესახებ უკრაინული თავდაცვითი გამოცემა Militarnyi იუწყება.
გამოცემის თანახმად, NASA-ს რესურსების მართვის სახანძრო ინფორმაციის სისტემის სატელიტურმა მონაცემებმა ხანძარი დააფიქსირა ორივე ობიექტზე, მათ შორის დასახლება ვოლნაში მდებარე „ტამანნეფტეგაზის“ ნავთობისა და გაზის კომპლექსზე. ვარაუდობენ, რომ დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახ რეზერვუარებს. „ტამანნეფტეგაზს“ OTEKO Group-ი მართავს და ის სამხრეთ რუსეთში უმსხვილეს კერძო ნავთობტერმინალის კომპლექსს წარმოადგენს. ობიექტი ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გადაზიდვის სპეციალიზებულ სატრანზიტო კვანძად გამოიყენება. ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 19.9 მილიონ მეტრულ ტონას შეადგენს. უკრაინის თავდასხმების დაწყებამდე, მისი ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის საცავების საერთო მოცულობა 1 მილიონ კუბურ მეტრს აღემატებოდა.
ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია ტამანის ელექტრო ქვესადგურზეც, რომელიც რუსეთის ე.წ. ენერგო ხიდის კრიტიკულ რგოლს წარმოადგენს და დროებით ოკუპირებულ ყირიმს ელექტროენერგიით ამარაგებს. ინციდენტი დაემთხვა ღამით ნახევარკუნძულის მასშტაბით ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვას. Crimean Wind-ის ცნობით, სიმფეროპოლში, სევასტოპოლში, ქერჩში, ფეოდოსიასა და იალტაში ელექტროენერგია სრულად გაითიშა.
ტამანის ელექტრო ქვესადგური არის 500 კვ სიმძლავრის გადამცემი მთავარი ქვესადგური, რომელიც რუსეთის ერთიან ენერგოსისტემაში შედის. Militarnyi-ს ცნობით, ეს ობიექტი ქერჩის სრუტის გავლით რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ელექტროენერგიით მომარაგების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რუსეთის კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ენერგო ხიდის ოთხივე გადამცემი ხაზი სწორედ ამ ქვესადგურზე გადის.

