რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მოქალაქეები ბანკებიდან ყოველთვიურად მილიარდობით რუბლს ანაღდებენ – წერს გამოცემა The Washington Post
“მათ აქვთ შიში, რომ კრემლი უკრაინაში ომის დასაფინანსებლად მათ დანაზოგებს მიითვისებს. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში რუსებმა ქვეყნის საბანკო სისტემიდან დაახლოებით 24.4 მილიარდი ევრო გაიტანეს. ” – ნათქვამია სტატიაში.
ფინანსური პლატფორმა Banks.ru-ს მონაცემები აჩვენებს, რომ ნაღდ ფულზე მოთხოვნა მარტის დასაწყისიდან იზრდება და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება, რის გამოც ანგარიშებიდან ყოველთვიურად დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი [3.05 მილიარდი ევრო] გადის. რუსეთის შვიდი უმსხვილესი ბანკიდან ხუთში ფიზიკური პირების დეპოზიტების წმინდა გადინება დაფიქსირდა. ყველაზე მეტად „გაზპრომბანკი“ დაზარალდა, რომელმაც ოთხ თვეში 299.5 მილიარდი რუბლი [3.04 მილიარდი ევრო] დაკარგა, რაც მისი მთლიანი დეპოზიტების 10.8%-ს შეადგენს. „როსსელხოზბანკის“ დანაკარგმა კი 270.5 მილიარდი რუბლი [2.75 მილიარდი ევრო] შეადგინა, რაც 15%-ზე მეტი კლებაა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ივლისში მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა 643.4 მილიარდი რუბლით გაიზარდა, რაც წლის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ძირითადი კერძო ბანკები, მათ შორის „ალფა-ბანკი“ და „სბერბანკი“, დეპოზიტების მნიშვნელოვან გადინებას განიცდიან, მაშინ როცა აგვისტოს პირველ ნახევარში დამატებით 300 მილიარდი რუბლი იქნა გატანილი.

