ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები ეწვივნენ

ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ. 4 ერთეული აშშ-ის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ბრიტანული ავიალაინერი ქვეყანაში გამთენიისას დაეშვა. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლება “ღირსეული პარტნიორის” ხელმძღვანელები – პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და პოლკოვნიკი ჯეფ დიკენსონი, ასევე ბრიტანეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დახვდნენ.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვხვდები 150 ბრიტანელ სამხედროს, რომლებიც სწავლება “ღირსეულ პარტნიორში” მონაწილობის მისაღებად ჩამოვიდნენ. ეს სწავლება კარგი შესაძლებლობაა ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროებისთვის, რომ დახვეწონ ურთიერთთავსებადობა, იმოქმედონ ერთად. უნდა აღვნიშნო, რომ ესაა ყველაზე დიდი ბრიტანული დანაყოფი, რომელიც საქართველოში ოდესმე ჩამოსულა სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად” – აღნიშნა ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ საქართელოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზიანში უკვე შემოსულია სწავლებისთვის განკუთვნილი ამერიკული ტექნიკა. ქართულ-ამერიკული სწავლების მიზანი ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებაა. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

 

იტვირთბა....