პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დანიელ მიტოვის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა და საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ( 2016-2019წწ) შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს და ბულგარეთის, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.