აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემები კიდევ 4 ლოკაციაზე დამონტაჟდება – სამუშაოებს შვეიცარიული კომპანია განახორციელებს

საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემა კიდევ 4 ლოკაციაზე დამონტაჟდება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG-თან გააფორმა. სისტემები დამონტაჟდება სტეფანწმინდის, ონის, მესტიის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სანავიგაციო და მეტეოროლოგიურ ხელსაწყოების შესყიდვასა და მონტაჟთან დაკავშირებით 1.4 მლნ ევროს ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების მიმართ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოწყვლადობა მზარდი ინტენსივობით ხასიათდება. ეს მოიცავს ისეთ კომპლექსურ პროცესებს, როგორიცაა მეწყრები, ღვარცოფები და პერიგლაციალური ზონებიდან მომდინარე კასკადური მოვლენები. ბოლო დროინდელმა კატასტროფულმა მოვლენებმა (მაგ. დევდორაკი 2014, მესტიაჭალა/მურყვამი 2019, შოვი 2023) აჩვენა ფერდობების არამდგრადობით გამოწვეული მძიმე შედეგები და რისკების შემცირების პროაქტიული ზომების მიღების გადაუდებელი აუცილებლობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ცხელი წერტილების დეტალური ანალიზის ფარგლებში, გამოვლინდა მაღალი რისკის ზონები, სადაც მეწყრის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემები დამონტაჟება. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური ვადებიც.

მეწყრის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემები დამონტაჟდება შემდეგ ლოკაციებზე:

  • სოფელი გლოლა (ონი 13 და ონი 14) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
  • სოფელი ჟაბეში (მესტია 32 და მესტია 20) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
  • დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგი 6 და ყაზბეგი 9) – არაუგვიანეს 2027 წლის 30 სექტემბრისა;
  • სოფელი დართლო (ახმეტა1) – არაუგვიანეს 2027 წლის 30 სექტემბრისა.

ვინ დაამონტაჟებს საქართველოში მეწყერის ადრეული გაფრთხილების სისტემებს?

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სამუშაოებს შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG განახორციელებს.

GEOTEST AG არის ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული კომპანია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და გეო-საინჟინრო მომსახურების სფეროში. კომპანია 1962 წელს შვეიცარიაში.დაფუძნდა. თავდაპირველად ის მცირე საინჟინრო-გეოლოგიურ ბიუროს წარმოადგენდა. ათწლეულების განმავლობაში კომპანიამ გააფართოვა თავისი პროფილი და ბუნებრივი კატასტროფების (ზვავები, მეწყერები, ღვარცოფები) რისკების მართვისა და პროგნოზირების მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის სტატუსი მოიპოვა.

GEOTEST AG-ს საქართველოში უკვე შესწავლილი აქვს 22 ყველაზე საშიში მყინვარული ხეობის ანალიზი, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ის შოვის ტრაგედიის შემდგომ დაიქირავა.

GEOTEST AG-ს განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები ალპებში, ასევე რისკების მართვის პროექტები ჰიმალაის რეგიონში.

დევდორაკის მყინვარის მონიტორინგიც სწორედ GEOTEST AG-მა განახორციელა. ცნობისთვის, 2014 წელს ყაზბეგში, დევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილმა გიგანტურმა ღვარცოფმა გადაკეტა სამხედრო გზა, გამოიწვია მსხვერპლი და დააზიანა ჰესი.

იტვირთბა....