“ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები ორი წელია გაჩნდა” – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. ის ამით უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აჩენს კითხვებს ქვეყნის კურსთან დაკავშირებით მეჭიაურის განცხადება, უპასუხა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მეჭიაურისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის 70% აბსოლუტურად საპირისპიროდ ფიქრობს.
„ნატო ეს არის უსაფრთხოების ის ორგანიზაცია, რომლის წევრები მშვიდობიანად ვითარდებიან. ეს ყველაზე წარმატებული სამხედრო პოლიტიკური ალიანსია და ამ ალიანსისკენ სვლა ჩვენს უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები ორი წელია გაჩნდა. მე მგონია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული საზოგადოება გასცემს მას პასუხს, ვისაც არ უნდა საქართველო ევროპაში“, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თამაზ მეჭიაურმა განაცხადა: “ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ“. მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და ვინ ითხოვს საქართველოდან აღნიშნულს, მეჭიაურის მტკიცებით, ”ამას ამბობს ყველა”.