იმენელმა „ჰუსიტებმა“ 24 საათზე ნაკლებ დროში ისრაელზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მეორე თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერი, გენერალი იაჰია სარი ავრცელებს.
მისივე თქმით, სამხედრო ოპერაციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
მანამდე, ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს.
იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერის, ბრიგადის გენერლის განცხადებით, პირველი თავდასხმის დროს მათ ბალისტიკური რაკეტები გაისროლეს, რომლის სამიზნესაც სამხრეთ ისრაელში მდებარე „მგრძნობიარე სამხედრო ობიექტები“ წარმოადგენდნენ. ისრაელის სამხედროებმა კი განაცხადეს, რომ რაკეტები ჩამოაგდეს.
პირველ იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე იაჰია სარიმ განცხადებაში მიანიშნა, რომ იემენელი „ჰუსიტები“ ომში ჩაერთვებოდნენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ჰუსიტების“ კონფლიქტში ჩართვა რეგიონულ დაძაბულობას ზრდის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეუძლიათ იემენის ფარგლებს მიღმა არსებულ სამიზნეებზე თავდასხმა და არაბეთის ნახევარკუნძულისა და წითელი ზღვის გარშემო საზღვაო მარშრუტების დარღვევა, როგორც ეს მათ ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მხარდასაჭერად გააკეთეს.

