თბილისის მერის საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ნარმანიას მისვლის მოთხოვნით საკრებულოში ხმების შეგროვება მიმდინარეობს.
“პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ეს არის პირდაპირი მინიშნება ნარმანიას იმპიჩმენტზე. საკრებულოში მიმდინარეობს ხმების შეგროვება, 17 ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ ნარმანია მობრძანდეს საკრებულოში და “რესპუბლიკელები“ ჭოჭმანობდნენ, საუბარია 4 დეპუტატზე, მოაწერდნენ თუ არა ხელს. ამ განცხადების მერე ეჭვი არ მეპარება, რომ მოაწერენ ხელს და შეუერთდებიან ნარმანიას დაბარებას.“ – განაცხადა ელისაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, ნარმანია ნებისმიერ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებას ემალება.
“დავით ნარმანიას პასუხიმგებლობის საკითხს რაც შეეხება, ნათელია, მერად დანიშვნის პირველივე დღიდან, ნებისმიერ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებას ემალება. მას არ გააჩნია პასუხები, მას არ გააჩნია პოზიცია და ის უბრალოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ადამიანი იყოს თბილისის მერი.“ – აღნიშნა აბესაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ აუცილებელია მერი მივიდეს საკრებულოში და კითხვებზე პასუხი გასცეს.
„გავოცდი ასეთი განცხადების გამო და მინდა ვთხოვო, ვურჩიო დავითს, გაითვალისწინოს ბევრი რამ – თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არამხოლოდ საკრებულოს”. – ამბობს უსუფაშვილი.