“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სასამართლოზე ზეწოლას ახდენს. “ახლა ვკითხულობდი შოთაძის განცხადებას და მინდა მას ვუთხრა პირადად და ყველას, ვინც ჩართულია პროკურატურის მხრიდან ამ საქმეში. ეს ზეწოლა რომელსაც იგი ახორციელებს, ახლა ამ შემთხვევაში თავის განცხადებაში სასამართლოზე, ნამდვილად ვერაფერს ვერ მოუტანს მას პირადად. არანაირი უტყუარი მტკიცებულებები პროკურატურას არ გააჩნია. ვურჩევ ამგვარ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებს. სასამართლო იმედია გამოიტანს სწორ განაჩენს“. – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, შოთაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. ამ საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
როგორც შოთაძე აცხადებს, ბრალდების მხარეს ამ საქმეზე წარდგენილი აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება ამ საქმეზე ბრალდებულ პირების მიერ მათზე შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ისინი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან.
„ეს დადასტურდა არა მარტო წინასწარი, არამედ სასამართლოში ჩატარებული გამოძიებით, კონკრეტულად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია, ჩვენი ერთადერთი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ბრალდებულის მიმართ.“ – აღნიშნა პროკურორმა.