აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინის თავდაცვის მინისტრის გადადგომას მასა და მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში კონფლიქტი უძღოდა წინ” – უკრაინული მედია 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომას მასა და მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა წინ. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ფედოროვთან ერთად, მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებებიცაა, ინიშნება ახალი პრემიერიც, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დეპუტატებისთვის მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრთა ნაწილის ვინაობა წინასწარვე იყო ცნობილი.

ერთადერთი საკითხი, რომელიც ფრაქციაში განხილვის საგანი გახდა, ფედოროვის ბედი აღმოჩნდა. წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ვეღარ ეგუებოდა თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალს შორის მუდმივ დაპირისპირებას.

როგორც გამოცემა წერს, სირსკი უკმაყოფილო იყო, რომ ფედოროვი კონკრეტულ ოპერაციებზე საჭირო რესურსს არ გასცემდა, ფედოროვი კი პასუხობდა, რომ ყველაფერი გაცემული იყო, უბრალოდ არასწორად გამოიყენებოდა.

„ვერ დავუშვებ, რომ ომში მყოფ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ერთმანეთს ეომებოდნენ. ორივე უნდა შეიცვალოს, მაგრამ ერთდროულად ამის გაკეთება არ შემიძლია“, – ციტირებს წყარო ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ფედოროვმა დაპირებული მობილიზაციის რეფორმა ვერ განახორციელა. დეპუტატის თქმით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 23 სექტემბერს პუტინი საყოველთაო მობილიზაციას თუ გამოაცხადებს, მობილიზაციის საკითხი მანამდე უნდა მოგვარდეს.

იტვირთბა....