უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა თანამდებობის დატოვების შემდეგ თავდაცვის უწყებაში მუშაობის შედეგები შეაჯამა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამხედრო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, მათ შორის დრონების პროგრამების გაფართოებაზე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, შეიარაღების შესყიდვებსა და არმიის რეფორმებზე.
“უკრაინელი ხალხის სამსახურში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო.
ჩვენმა გუნდმა მოასწრო: რუსებისთვის Starlink-ის გათიშვა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათი შესაძლებლობა, ეფექტიანად ეწარმოებინათ დრონებით ომი. თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტის გარეშე ჩავიბარეთ, თუმცა რისკზე წავედით, წლის ბოლოსთვის გათვალისწინებული თანხები გადავანაწილეთ და ეფექტიანად ჩავდეთ mid-strike, ოპტიკურ-ბოჭკოვან FPV-დრონებში, იაფ სადაზვერვო სისტემებში, უპილოტო სახმელეთო პლატფორმებში, დრონ-გადამჭერებსა და deep-strike დრონებში.
ოთხ თვეში უფრო მეტი დრონი შევიძინეთ, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. დავიწყეთ „ლოგისტიკური ლოკდაუნის“ პროგრამა, რომელმაც ცალკეული დაფინანსებით, სწორ შესყიდვებთან და საუკეთესო ქვედანაყოფების მხარდაჭერასთან ერთად, მტრის ლოგისტიკის გაწყვეტისა და ყირიმის იზოლაციის დაწყების შესაძლებლობა მოგვცა. გავაგრძელეთ „დრონების ხაზის“ დაფინანსების პროგრამა, რომელიც უპილოტო სისტემების ძალებისთვის დრონების შესყიდვის საფუძველია. დავიწყეთ თანამედროვე დრონებით აღჭურვილი მოიერიშე ქვედანაყოფების მხარდაჭერის პროგრამა. Brave1 Market-ის პლატფორმაზე შესყიდვებისთვის 70%-იანი წინასწარი გადახდის სისტემა ავამოქმედეთ. რადიკალურად შევცვალეთ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სისტემა. პირველად გამოცხადდა ტენდერები შორი მოქმედების არტილერიასა და ასიათასობით დრონზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიარდობით დოლარს უზოგავს. პირველად შევიძინეთ სამხედროებისთვის ათასობით პიკაპი, ბაგი და კვადროციკლი – ტენდერის გზით. პავლო ლაზარი საჰაერო ძალებში ინტეგრირდა და მასშტაბური თავდასხმების შემდგომი ანალიზის სისტემა დაინერგა.
ამ პერიოდში დრონების განეიტრალების მაჩვენებელი 83%-დან 91%-მდე, ხოლო ფრთოსანი რაკეტების – 47%-დან 87%-მდე გაიზარდა. პირველად გავაფორმეთ კონტრაქტი Patriot PAC-2 GEM-T-ის რაკეტებზე და ევროპული კრედიტის ფარგლებში PAC-3 რაკეტების შესაძენად განაცხადი შევიტანეთ. ბრიგადებისა და კორპუსებისთვის დრონებით მომარაგების საბაზისო სისტემა ამოქმედდა. ივლისიდან ყველა საბრძოლო ბრიგადა და კორპუსი დრონებს პროგნოზირებადი გრაფიკით, ხელით ჩარევის გარეშე მიიღებს.
ავამოქმედეთ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და რაკეტების მწარმოებლებისთვის მასშტაბური საგრანტო პროგრამა. დავიწყეთ არმიის რთული, მაგრამ აუცილებელი რეფორმა: ფიქსირებული ვადების მქონე კონტრაქტები, ქვეითებისა და მოიერიშეებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება, უცხოელი სამხედროების გამჭვირვალე რეკრუტირების ბაზრის გახსნა და თვითნებურად წასული სამხედროების დაბრუნების ახალი მექანიზმები. ჩავატარეთ „რამშტაინის“ ფორმატის სამი შეხვედრა, სადაც პარტნიორებს უკრაინისადმი ნდობა დავუბრუნეთ.
წელს უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარება გამოცხადდა (ევროპული კრედიტის გარეშე). შევქმენით ევროპული კრედიტის უკრაინის სამხედრო პრიორიტეტებისთვის გამოყენების მექანიზმი. ვიპოვეთ რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ იაფი რაკეტების მასობრივი წარმოების გზა და რეკორდული კონტრაქტი გავაფორმეთ. უკრაინული ბალისტიკური რაკეტა – მთავრობის გადადგომის დღეს წარმატებით გამოვცადეთ ბალისტიკური სისტემა, რომლის ტექნიკური დავალებაც სრულად გადავამუშავეთ.
სიზუსტე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფასი კი 30%-ით შემცირდა. ხელი მოვაწერეთ Gripen-ის გამანადგურებლების შესყიდვის კონტრაქტს, რომლებიც რუსეთის Су ტიპის თვითმფრინავებისა და მართვადი საავიაციო ბომბების (КАБ) მატარებლების ჩამოგდების შესაძლებლობას მისცემს უკრაინას. სამხედროებთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ოპერაცია „აშანი“, რომელმაც მტრის მექანიზებული შეტევა ექვსი თვით შეაჩერა. Drone Deal-ის პროგრამის ფარგლებში გავხსენით ექსპორტი, რათა თავდაცვით ინდუსტრიაში ინვესტიციები და წარმოება გაზრდილიყო.
დავიწყეთ Trophy Lab – პლატფორმა, რომელიც პარტნიორებს რუსული სამხედრო ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. დავაფუძნეთ Defense AI Center A1, რათა ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სფეროში დანერგვა დაჩქარდეს,” – წერს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი. თანამდებობის დატოვების შემდეგ მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა შეაჯამა.
14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადადგომას დაუჭირა მხარი. 15 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფედოროვის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს იჰორ კლიმენკოს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

