ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თხოვნით მიმართავს.
აფხაზეთში მცხოვრები ისტორიკოსები, ფილოლოგები, ე.წ. პარლამენტარები და საზოგადო მოღვაწეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯინბას ღია წერილით მიმართავენ.
წერილში ნათქვამია, რომ 1917 წელს, რუსეთის იმპერიის ნგრევის შემდეგ, საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის აღსადგენად მოძრაობა დაიწყო და მასში შესვლა სოხუმის ეპარქიასაც შესთავაზეს, თუმცა აფხაზმა მღვდლებმა უარი განაცხადეს.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ 1943 წელს, სტალინის მიერ აღდგენილ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შემადგენლობაში აფხაზეთის ეპარქიაც მოექცა და 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმავე საზღვრებში იქნა აღიარებული.
წერილში წერია, რომ 1992-1993 წლებში, ომის დროს კონფესიური თვალსაზრისით განსხვავებები გაჩნდა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთმორწმუნეების წინააღმდეგ აგრესორებს დაუჭირა მხარი, გამყოფი ხაზი კი ეთნიკური ნიშანი იყო.
წერილის ავტორები ამბობენ, რომ აფხაზეთი ამ მიმართულებით ვაკუუმში იმყოფება, რადგან მსოფლიო საატრიარქო და ასევე, რუსეთის ეკლესია სოხუმის ეპარქიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციად მიიჩნევენ.
წერილის ავტორების აზრით, სამართლებრივი ჩიხიდან გამოსავალი აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენაა.