ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ათეულში არმოხვედრის გამო წასვლა არასერიოზულია“

„საარჩევნო სიის ათეულში არმოხვედრის გამო მისი განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლოა“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ მისი ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

“პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლება. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა უმეტესობამ მზადყოფნა გამოთქვა, სიის სათავეში ადგილი დაუთმოს საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში. ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის სურვილი აუცილებლად წარმოდგენილი იყოს სიის ათეულში, არ იქნა გაზიარებული. ათეულში არმოხვედრის გამო მისი განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. შემოდგომაზე ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს და ყველა, ვინც თავისი საქციელით შეეცდება ამას ხელი შეუშალოს, მის წისქვილზე ასხამს წყალს”, – ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და განაცხადა, რომ ის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს.

„ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.

ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“- განაცხადა ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....