საქართველოს წარმატება არ არის ჯარიკაცების რაოდენობაში, საქართველოს წარმატების საიდუმლო არის პატარა, მაგრამ პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, ქართული სახელმწიფო ჯარისკაცების რაოდენობით ვერცერთ ომს ვერ მოიგებს:
„ვისთან გვაქვს ჩვენ პრობლემა, მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით. რამხელაა ის ქვეყანა, ესეც ვიცით, რამხელა ჯარი ჰყავს იმ ქვეყანას, ესეც ვიცით. საქართველოში მცხოვრები ყველა ქმედუნარიანი ქალი და მამაკაცი იარაღით ხელში რომ დადგეს, მაინც იქნება ნაკლული იმ ჯართან, რომელზეც ჩვენ ღიად და დიდ ომზე ვლაპარაკობთ. საქართველოს წარმატება არ არის რაოდენობაში, საქართველოს წარმატების საიდუმლო არის პატარა, მაგრამ პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარში, რომელსაც შემაკავებლის ფუნქცია აქვს და რომელთან დაპირისპრებაზეც ორჯერ და სამჯერ მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე მანამდე სხვა შემთხვევაში დაფიქრდებოდნენ. ეს არის ქართული შეიარაღებული ძალების წარმატების გასაღები და არა ის, რამდენი ძალით მოყვანილი ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებსაც, პრინციპში, მონათმფლობელობის პირობებში ვამყოფებთ, დაცვის ფუნქციებს ვასრულებინებთ, შეიძლება 9 თვის განმავლობაში იარაღთან შეხება რამდენიმე ერთეულ შემთხვევაში ჰქონდეთ მხოლოდ, შემდეგ ისინი ნეგატიური, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობით უარყოფითი განწყობებით ბრუნდებიან საზოგადოებაში და შემდეგ ვრცელდება ის ამბები, რომელიც ვრცელდება. მე ვამბობ, რომ ეს არ სჭირდება ქართულ ჯარს, ეს არ სჭირდება ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.