უკრაინულ მხარეს ვუთხარით, რასაც რუსები დაჟინებით მოითხოვენ, თუ მათ არ სურთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ან დათმობები, ომი გაგრძელდება, იგივე ეხება რუსულ მხარესაც – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს.
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რუსული მოთხოვნები გადაეცა.
“ეს ტყუილია. მე ვნახე, როგორ თქვა ეს. სამწუხაროა, რომ ამას ამბობს, რადგან იცის, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის ის, რაც მას უთხრეს. რაც მას ძალიან ნათლად აუხსნეს და უნდა ესმოდეს, არის ის, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება უზრუნველყოფილი, თუმცა ეს არ იყო დაკავშირებული იმ პირობასთან, „თუ ტერიტორიას არ დათმობს“. არ ვიცი, რატომ ამბობს ასეთ რაღაცებს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
ჩვენ უკრაინულ მხარეს ვუთხარით, რასაც დაჟინებით მოითხოვენ რუსები. ჩვენ ამას არ ვაიძულებთ. ჩვენ უბრალოდ ავუხსენით მათ სიტუაცია. მათი გადასაწყვეტია, გადაწყვიტონ. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის მათ მაგივრად გადაწყვეტილების მიღება. საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისაა. თუ მათ არ სურთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ან დათმობებზე წასვლა, ომი გაგრძელდება. იგივე ეხება რუსულ მხარესაც. თუ ისინი მზად არ არიან უკრაინისთვის სასარგებლო გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად, ომი გაგრძელდება“ – განაცხადა მარკო რუბიომ.

