ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კაია კალასმა და მარკო რუბიომ იკამათეს – Axios

 პარასკევს გამართულ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კაია კალასმა და მარკო რუბიომ იკამათეს – ამის შესახებ ინფორმაციას Axios ავრცელებს.

წყაროების ცნობით, კალასმა რუბიოს გასულ წელს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც რუბიომ პირობა დადო, რომ თუ რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ხელს შეუშლიდა, მაშინ ვაშინგტონი გადამაწყვეტ ზომებს მიიღებდა.

„ერთი წელი გავიდა და რუსეთს ნაბიჯი არ გადაუდგამს. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“, – განუცხადა კალასმა რუბიოს პარიზში გამართულ შეხვედრაზე.

გამოცემა წერს, რომ კალასის შეკითხვამ რუბიო გააღიზიანა და მას ხმამაღლა უპასუხა.

„ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, მაშინ ეს თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გვერდზე გავდგებით“, – უპასუხა რუბიომ.

გამოცემის წყაროების განცხადებით, ვითარების დამშვიდების მიზნით რუბიოსა და კალასს შორის შეხვედრის ბოლოს ცალკე საუბარი შედგა.

„ეს მოსაზრებების გულწრფელი გაცვლაა. დიპლომატია სწორედ ამისთვის არსებობს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Axios-სთან საუბარში.

იტვირთბა....