უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, დააჩქარონ გადაწყვეტილება უკრაინისთვის თავდაცვის საშუალებების გადაცემის შესახებ.
სიბიგას განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, რა დროსაც ყველა სახის რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა.
„ნუ გადადებთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი მთავარი მოწოდება პარტნიორების მიმართ მას შემდეგ, რაც კიევმა საშინელი ღამე გადაიტანა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, რუსეთის დარტყმების სამიზნე საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა.
„მსგავსი დარტყმები მძიმე სამხედრო დანაშაულია და ჩვენ ამის შესახებ ყველა პარტნიორსა და საერთაშორისო ორგანიზაციას ვატყობინებთ. მოვუწოდებთ, დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ და მკაცრი ზომები მიიღონ“, – აღნიშნავს ანდრეი სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, გაძლიერდეს რუსეთზე ზეწოლა სანქციების სახით. ამასთან, სიბიგამ აღნიშნა, რომ ამორალურია რუსეთის თავდასხმების გამართლება იმ არგუმენტით, რომ მოსკოვი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მიყენებული დარტყმების საპასუხოდ მოქმედებს.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 56 დაშავდა. შვიდი ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

