რუსეთი მხარეებს მოუწოდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„30 ივნისს – 1-ელ ივლისს ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდი. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. რუსული მხარე მოწოდებით გამოვიდა, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, რომ მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობის შესახებაც.
„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის, ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „თბილისის მხრიდან ჰუმანიტარული დღის წესრიგის გარკვეულ საკითხებზე სპეკულაციების გაგრძელება მიუღებელია“.
„მორიგი რაუნდის წინა დღეს, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული უკიდურესად პოლიტიზირებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარადგენს. ეს არსებული შეთანხმებების დარღვევით მოხდა, რომელთა თანახმად ამ საკითხის განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში უნდა მოხდეს და არა იმ პლატფორმებზე, სადაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს წვდომა არ აქვთ და ქართულ მხარესთან დებატებში თავიანთი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა არ აქვთ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

