საზოგადოება

რაზე იჩხუბეს ზურაბ ჟვანიასა და ვანო მერაბიშვილის შვილებმა

 

რისი ეშინოდა ზურაბ ჟვანიას გვერდით ნინო ქადაგიძეს

ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ, ჟურნალ “თბილისელებთან” ამჟამინდელ ოჯახურ ცხოვრებასა და წარსულზე ისაუბრა:

– გჯერათ ბედისწერის?

– როგორ არ მჯერა. ჩვენ ვქმნით გარკვეულ ეტაპებს, მაგრამ არის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც უნდა მოხდეს. ბედისწერა იყო ჩემი და ზურას შეხვედრა. ჩვენ რომ არ შევხვედროდით ერთმანეთს, სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება.

ის, რაც ხდება ცხოვრებაში, შენგან შინაგან მზაობას მოითხოვს. მე ასე ვარ. როცა ზურას შევხვდი, დიდხანს ვეძებდი მას და მზად ვიყავი იმისთვის, მთლიანად მიმეღო მისი ცხოვრება. მას ძალიან აქტიური ხასიათი ჰქონდა. არ მახსოვს დაეწუწუნოს, ან დავიღალეო, ეთქვას. ასე გაცხოვრებდა შენც – ერთი წამითაც რომ მოდუნებულიყავი, შენ მიმართ ინტერესს დაკარგავდა, სულ ამის მეშინოდა (იცინის).

ოღონდ სრულიად გამოირიცხა ჩემი მონაწილეობა პოლიტიკაში. თუ სახლში პოლიტიკაზე იწყებოდა ლაპარაკი, მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი. არ მაკარებდა პოლიტიკას. არასდროს არაფერს მიყვებოდა. ამ მხრივ განსხვავებული იყო, არაფრით ჩაგრევდა თავის საქმეში.

– როგორ გადაგაქვთ ახლა ის პერიოდები, როცა ზურაბ ვანიას მკვლელობის საქმე, სასამართლო პროცესი დროდადრო ხმაურიანი და არასასიამოვნო თემებით წამოიწევს ხოლმე წინ.

– ძალიან მტკივნეულია ეს ჩემთვის. თავიდან მიმძაფრდება განცდები. დრო არაფერს შველის – უკან მაბრუნებს, წარსულში. ძალიან ვეცადე, რაც შეიძლება ნაკლები მეფიქრა ამ ყველაფერზე და სხვა რამეებით დავკავებულიყავი.

ადამიანს შეუძლია მართოს საკუთარი თავი, თუმცა ბოლომდე ეს არ გამოდის. მე მეორე დღიდან გადავედი სხვა რელსზე – მივხვდი, რომ თუ არ გავთავისუფლდებოდი ამისგან, არაფერი გამოგვივიდოდა არც მე და არც ბავშვებს.

საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ დამთავრდა ის ეტაპი და დაიწყო ახალი – ვაიძულე თავი და ერთ კვირაში სავარჯიშოდ წავედი, ბავშვებიც წავიყვანე. როგორც კი ფეხზე დავდექი, ორ კვირაში სამსახურში გავედი. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა.

– როდესაც ბუსა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ის გაარიდეთ თბილისს იმ გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, როცა ის ფიზიკურად დაუპირისპირდა მამის ყოფილ მეგობარს.

– ბუსა უცბად მოხვდა ყურადღების ეპიცენტრში. ის არაა მარტივი ხასიათის ბიჭი, ძნელი გასაზრდელი იყო იმ წლებში. როცა თავს იმკვიდრებდა, სულ ჩხუბობდა, აგრესიული იყო, არ სწავლობდა. თინეიჯერობის, გარდატეხის ასაკი არ გაგვივლია მარტივად. როცა ჩაბარების დრო მოუვიდა, საკუთარმა თავმა უშველა – ნაკლებად ნიჭიერი რომ ყოფილიყო, მცირე დროში მეცადინეობა შედეგს ვერ მოიტანდა და „დავიღუპებოდით” – ბუსა იქნებოდა ერთი ძველი ბიჭი (იცინის).

მერე უცებ, მკვეთრად გადაერთო სწავლისკენ. ჩხუბს არ ეძებს, მაგრამ ისეთი ხასიათი აქვს, არავის მისცემს უფლებას, ზედმეტი გაუბედოს. არც თვითონ დაჩაგრავს ვინმეს და არც თავს დააჩაგვრინებს არავის.

როცა წყნეთში ვცხოვრობდით, ბუსას და ვანო მერაბიშვილის შვილს ერთ ეზოში უწევდათ ფეხბურთის თამაში. ერთ დღეს ბუსა დედაჩემს ეუბნება: გუშინ, მერაბიშვილის შვილს ბურთი გადაუვარდა და ცოტა ისე მითხრა: წადი, მოიტანეო, ძლივს გამომგლიჯა დაცვამ ხელიდანო. მე რომ მგონია, დედაჩემი კარგ რჩევას მისცემს, მესმის ეუბნება: მიდი ბებო, მისცხე, არ შეგეშინდესო (იცინის).

იტვირთბა....