“ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე “ბათუმი პანორამას” გაშენებას აპირებს. “მეტრონომთან” საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი უსასყიდლოდ დაუთმო აჭარის მთავრობას, რომელმაც შენობა და მიწა აუქციონის წესით “ბიზნეს დეველოპმენტს” მიჰყიდა. კირთაძის თქმით, ივანიშვილმა საქმეში სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო და ხუთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია მილიონნახევრად შეისყიდა.
“ბათუმში, მწვანე კონცხზე, სადაც ბოტანიკური ბაღია, ბათუმის უნივერსიტეტის ერთი კორპუსიც მდებარეობს. მანდ ადრე სასაოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კორპუსი იყო. ბიძინა ივანიშვილმა იმდენი გააკეთა, რომ ბათუმის უნივერსიტეტს მიაღებინა გადაწყვეტილება არ გვჭირდება კორპუსიო და სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნებინა. შემდგომ ღარიბაშვილის პერიოდში ეს ქონება გადმოეცა აჭარის მთავრობას, მათ კი აუქციონის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ “ბიზნეს დეველოპმენტს” მიჰყიდეს. რეალურად ის ტერიტორია, რომელიც ივანიშვილმა იყიდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის განუყოფელი ნაწილია. იქ იყო უნივერსიტეტი და სარეკრეაციო ზონა. ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა აპირებს იგივე ტიპის შენობა ააშენოს როგორიც მისი ბიზნეს-ცენტრია თბილისში”.
“მეტრონომი”: ეს ტერიტორია ოფიციალურად ბოტანიკურ ბაღს არ ეკუთვნის?
გიორგი კირთაძე: არ ეკუთვნოდა, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვინც ბათუმი კარგად იცის ვერ გეტყვით სად გადიოდა საზღვარი ბოტანიკურ ბაღსა და ამ ტერიტორიას შორის. რეალურად, ეს ტერიტორია ბოტანიკური ბაღის თავზეა, ძალიან ლამაზი ხედით. ივანიშვილმა ამ ტერიტორიის შესყიდვით ეზოდ აქცია ბოტანიკური ბაღი”. – აცხადებს კირთაძე.