ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წელი გავიდა

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღე, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორიმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.

პრეზიდენტმა ჯარს იუბილე შემდეგი სიტყვებით მოულოცა:

„თქვენ დღეს აგრძელებთ იმ ჩვენი წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს. თქვენ დღეს ამას ახორციელებთ, არა მარტო საქართველოში, არამედ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, მათი კვალიფიკაციის, მოწოდებიდან გამომდინარე, თქვენ ამას აკეთებთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა ბრძოლის ველზე,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება, რომელიც მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.

 

იტვირთბა....