– დიზაინის შესაქმნელად გიმუშავიათ არაერთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიასთან, თუმცა, რამდენად ხშირად გქონიათ საქმიანი ურთიერთობა ქართულ კომპანიებთან, როგორ შეაფასებდით დიზაინთან დაკავშირებით მათ მიდგომას?
– ამ შემთვევაში, გამოვყოფდი ,,დელტას”, ისინი უცხური სტანდარტებით მუშაობენ და იციან დიზაინის ფასი და დანიშნულება. შესაბამისად, ჩემი საქმიანობისას ხელ-ფეხი სრულიად მქონდა გახსნილი.
რაც შეეხება სხვა კომპანიებს, რამდენადაც უხეშად არ უნდა ჟღერდეს, ქართული კომპანიების 99%-ს საერთოდ არ ესმით და არ იციან დიზაინი რა არის. ჰგონიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი სავალდებულო რგოლი და მეტი დატვირთვა არ აქვს. საბოლოო ჯამში რა დივიდენდების მომტანია დიზაინი და რამდენად შეიძლება აზარალოს კომპანია ცუდმა დიზაინმა, ამის გაგებაში არ არიან.
ისინი არ მუშაობენ იმაზე, რომ გაცდნენ ლოკალურ ფარგლებს და მაქსიმალურად აითვისონ უცხოური ბაზრები. ქართული ბაზარი კი ძალიან შეზღუდულია და როგორც მიმწოდებლის, ასევე მომხმარებლის მრავალფეროვნება არის ძალიან დაბალი. ლოკალური მყიდველის უმეტესობის მოთხოვნილება ერთფეროვანია, რამაც განაპირობა დიზაინის როგორც ფუფუნების სფეროს, ჩამოყალიბება.
ჩვენთან არ ხდება მომხმარებლი გაზრდა, პირიქით, კომპანიები დადიან მომხმარებლის დონემდე. იმ მომხმარებლის დონემდე, რომელსაც არ აქვს მოთხოვნილება მიიღოს მაღალი დონის პროდუქცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლის დონე არ გაიზრდება თუ შენ არ შესთავაზე სიახლე.
დიზაინი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას იწყებს დიდი კონკურენციის პირობებში, ხოლო პატარა მასშტაბის სივრცეში პროდუქციის დიზაინის მიუხედავად, მაინც აღწევს გაყიდვის რაღაც ნიშნულს. დიზაინი ჭირდებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ და სურთ შთაბეჭდილება მოახდინონ მყიდველზე. დიზაინი მჭირდება მე, რადგან ჩემი კონკურენტები არიან მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდები და ვფიქრობ, სჭირდება ყველას ვინც თვლის, რომ შესწევს უნარი დაიპყროს საერთაშორისო ბაზრები. ამის ნათელი მაგალითია ,,დელტა“, რომლის წარმატებაში დიდი გავლენა სწორედ დიზაინმა იქონია. სწორედ ინჟინერიის და დიზაინის იდეალურმა შერწყმამ გამოიწვია მისი საერთაშორისო აღიარება.
– ხელისუფლებამ დაიწყო ტექნო პარკების შექმნა და დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების გახორციელება და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ქვეყნისთვის?
– მე ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და მსგავს პროექტებს ნამდვილად მივესალმები. თუმცა, ეს ტექნო პარკი უნდა იყოს არა ერთი, არამედ ყველა რაიონში უნდა შეიქმნას მსგავსი პარკები. ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაიხსნას ისეთი სასწავლო ცენტრები და საწარმოები, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარებიან ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში. ასევე, მისასალმებელია, რომ უნივერსიტეტებმა დაიწყეს თანამედროვე ლაბორატორიების შექმნა და იქ ექსპერიმენტების კეთება, ესეც სწორი მიდგომაა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამერიკა და პრინციპში ყველა განვითარებული ქვეყანა ასე იქცევა. სწორედ ასეთ ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში იქმნება თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენთან ამის საშუალება საკმაოდ დიდხანს არ იყო და კარგია რომ ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა დაიწყო. მსოფლიო მომავალი არის მეცნიერების. ჩვენ თუ არ შევდგით ფეხი მეცნიერებაში ვერასდროს ვერ განვვითარდებით. სწორედ მეცნიერებაში ვხედავ მე საქართველოს მომავალს, სხვანაირად ეს ქვეყანა განწირულია.
მეცნიერება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ქვეყანამ პირველ რიგში უნდა შექმნას ძლიერი თავდაცვის სისტემა. როდესაც ქვეყანას თავდაცვის სისტემა აქვს ძლიერი და საფრთხე არ ელის, მაშინ უკვე მომავალზე იწყებს ფიქრს და ეკონომიკაც სტაბილურად ვითარდება.
ამავდროულად, სწორედ წარმატებული მეცნიერები უწყობენ ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ისინი აწყობენ ისეთ ტექნიკას რომლისგან იქმნება სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მედიცინაშიც სწორედ ძლიერი მეცნიერები არიან საჭირო.
რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენზე, როგორც ვხედავთ, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხები – თავდაცვა, სოფლის მეურნეობა და მედიცინა პირდაპირ არის დამოკიდებული მეცნიერების განვითარებასთან. რომ არ განვითარებულიყო მეცნიერება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საფოსტო მტრედების დონეზე.
– რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველომაც აუწყოს ფეხი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელი?
– პირველ რიგში უნდა იყოს ხელისუფლების ნება. ვინმე უნდა გამოჩნდეს ქვეყნის მმართველებიდან, ვინც იტყვის რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ მაღალტენოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნების სიაში. უნდა იყოს მეტი გახსნილი გონება, უფრო შორსმჭვრეტი ტვინები. უნდა გაუმჯობესდეს საკანონმდებლო ბაზა. დღევანდელი კანონმდებლობით მე თანამედროვე საწარმოს ვერ ჩამოვიტან, ვინაიდან ამ ყველაფერს თან სდევს საკმაოდ მაღალი გადასახადები, როგორც ჩამოტანისას ასევე ჩამოტანის შემდეგ. არსებობს უამრავი ბარიერი. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ძლიერი წარმოება გვქონდეს, ამისთვის უნდა შევქმნათ გამართული საგადასახადო კოდექსი. ხელისუფლებამ უნდა მისცეს მეწარმეს და ინვესტორს იმის საშუალება, რომ მათ იაფად აწარმოონ პროდუქცია და კონკურენცია გაუწიონ სხვა უცხოურ ბრენდებს.
მთავარია შესაბამისი ნება და ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. არავის არ სჯეროდა, რომ ქართველებს შეგვეძლო ისეთი ჯავშანტექნიკის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ამერიკის პროდუქციასაც კი.
– ინდივიდუალურად თუ სხვადასხვა წამყვან კომპანიებთან ერთად უამრავი პროექტი განახორციელეთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევდით მომავალ თაობას?
– მომავალ თაობას ვურჩევდი, რომ იაზროვნონ გაცილებით თავისუფლად და შეცვალონ მასშტაბები. მათ დღესვე უნდა დაიწყონ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაყიდიან მარსზე პროდუქციას 2020 წელს და არა იმაზე, თუ როგორ გახსნან თავიანთ უბანში სახინკლე.
დღევანდელი თაობა ჩვენს თაობაზე უკეთესია, ისინი უფრო პრაგმატულები არიან, ბევრად უფრო ერგებიან თანამედროვეობას. მათ უნდა შეცვალონ მსოფლმხედველობა და გავიდნენ სხვა მასშტაბებზე მით უფრო, რომ დღეს ფაქტიურად აღარ არის საზღვრები, სულ მალე უვიზო მიმოსვლაც ექნება ქვეყანას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა.
წარმატების ფორმულა არის მეტი თავისუფლება და არანაირი შიში ნაბიჯის გადადგმისას. არანაირი შიში შეცდომების მიმართ, ვინაიდან შეცდომაც გარკვეული შედეგია, უკვე იცი, რომ მსგავსი ნაბიჯი აღარ უნდა გადადგა.
– და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ უახლოეს პერიოდში?
– მე მუდმივად მაქვს გეგმები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ჩემს ქვეყანასთან მინდა, რომ საქართველოში გავაკეთო კიდევ მრავალი რამ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუკი ხელისუფლება ხელს შემიწყობს ხომ კარგი და თუ ასე არ მოხდა მაშინ შევეცდები სხვა გზები მოვძებნო ჩემი იდეების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, დღევანდელ სიტუაციაში მარტო ვარ. არადა, სათანადო მხარდაჭერა რომ იყოს მე და ჩემი გუნდი შევძლებთ იმას, რომ შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც მსოფლიო სტანდარტების დონის იქნება. ამაში ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას და მათაც დავეხმარებით საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში.
ჯერ კიდევ მაქვს ხელშეწყობის იმედი ვინაიდან, ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ერთჯერადი ღონისძიებები, რაზეც საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, მეორე დღეს არავის არ ახსოვს და შედეგიც ვერ მოაქვს.
წყარო: commersant.ge