პეტერ პიტერი ქართველი საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პეტერ ფიშერმა საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია.
„ასე დარჩება ის საქართველოს საზოგადოების მეხსიერებაში. ეს არის ყველაზე სამწუხარო ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, რომ ამ ადამიანმა 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ დღეს საქართველოში გერმანიის წარმომადგენელი გაიგივებულია ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მან ასევე, მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ , რომ „აბა სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა“, დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს, მაგრამ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ რაღაც გამოგონილიa, დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს. ასე რომ, შეუძლია, ამერიკის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში. პრინციპში, დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება გასაგებია, შევეჩვიეთ და ვხედავთ. მაგრამ, ამავე დროს დასცინის ამერიკელებს, დასცინის ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს.
„სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ მან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მან ზოგადად ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს როგორც ასეთს და ქართველების თვალში უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას აქეზებს, ტყუილს აქეზებს, პროპაგანდას აქეზებს და ფაქტობრივად, ელჩობა აქცია მთავარმართლებლის და მეორე მდივნის სინონიმად. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ძალიან მსუბუქი შემთხვევა. მან თავადაც განაცხადა, რომ ცოტა ხანში დატოვებს საქართველოს და როგორც თვითონ თქვა, თბილად სავარძელში წამოწვება და იქიდან დააკვირდება საქართველოს. ის ზიანი, რაც მან მიაყენა არა მხოლოდ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, არამედ ელჩობას, უცხო ქვეყნის ელჩის ინსტიტუტს მიაყენა ზიანი და ქართველების თვალში დიდი ხნით ჩაბეჭდა, რომ უცხო ქვეყნის ელჩი შეიძლება, იყოს შენი ქვეყნის მიმართ მავნე ინტერესების და მიზნების მატარებელი და წარმომადგენელი. ამით მიაყენა ზიანი მთლიანად ელჩობას საქართველოში. მე სხვა ელჩების ადგილას ამაზე დავფიქრდებოდი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

