საქართველოს ხელისუფლებამ მოკლე პერიოდში შექმნა რეპრესიების დახვეწილი არქიტექტურა, – ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში – „საქართველო – რეპრესიების ანატომია : პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“,რომელსაც Amnesty International-ი აქვეყნებს.
„ის, რასაც სხვა კონტექსტებში მრავალი წელი დასჭირდა, საქართველოში გასაოცარი სისწრაფით შეიქმნა: კოორდინირებული სისტემა, რომელშიც დეზინფორმაცია, შემზღუდავი კანონები, ძალადობრივი პოლიციის გამოყენება და იარაღად ქცეული სასამართლო პროცესები ერთმანეთს აძლიერებენ ძალაუფლების განმტკიცებისკენ სწრაფვაში. ცილისწამების კამპანიები კრიტიკოსებს მტრებად აქცევს. კანონები განსხვავებულ აზრს დანაშაულად აქცევს. პოლიციის მხრიდან ძალადობა საპროტესტო აქციებს ფიზიკურად საშიშს ხდის. შემდეგ სასამართლოები ამ უსამართლობის სპირალს აგრძელებენ დაუსჯელობის ხელშეწყობით და მთავრობის რეპრესიების ხელშეწყობით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანს სცემეს ქუჩებში, დაამცირეს დაკავებისას და წამების ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ.
„150-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო სამართალწარმოების შედეგად, სამართლიანობის პოვნის მცირე პერსპექტივით. ბევრი ადამიანი, ვინც მშვიდობიან საპროტესტო ქციებს შეუერთდა, თვითნებურად დააკავეს და ფინანსურად დაზარალდა გადაჭარბებული ჯარიმების გამო, უბრალოდ გზაზე ან თუნდაც ტროტუარზე დგომის, ნიღბის ტარების, თანამდებობის პირის კრიტიკის ან საზოგადოებრივი სივრციდან გასვლაზე უარის თქმის გამო. სხვები გააჩუმეს ან იძულებულები გახდნენ, ეცხოვრათ დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან შურისძიების მუდმივი შიშის ქვეშ. სამოქალაქო სივრცე მკაცრად შეიზღუდა. ადამიანის უფლებათა დამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებს იცავენ, თავად გახდნენ სამიზნეები. მათ დაემუქრნენ, თავს დაესხნენ, მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, მათი ანგარიშები გაყინეს, ოფისები დახურეს და პერსონალი შეუმცირდათ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
Amnesty International-ი ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმოდნენ თავს, ავიწროვებდნენ, დევნიდნენ, დაფინანსებას უწყვეტდნენ.
„2024 წლის გაზაფხულიდან და განსაკუთრებით ყოველდღიური მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს მთელი მექანიზმი გამოიყენა განსხვავებული აზრის შეკავების, დასჯისა და ჩახშობისთვის. საინფორმაციო სივრცე იარაღაც იქცა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია, ოპოზიციური ფიგურები და მომიტინგეები „უცხოეთის აგენტებად“, „ექსტრემისტებად“ ან „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ წარმოჩენილიყვნენ. ეს ნარატივები მხოლოდ რიტორიკის დონეზე არ დარჩენილა. მათ ხშირად მოჰყვებოდა შევიწროება, ფიზიკური თავდასხმები, გამოძიებები, სისხლისსამართლებრივი დევნა, აქტივების გაყინვა და სხვა სადამსჯელო ზომები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ამ ტრანსფორმაციაში ცენტრალური როლი კანონმდებლებმა შეასრულეს. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით და არსებითი კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა, გაუმართლებლად ზღუდავდა გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის მედიის თავისუფლების, და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს.
„ზომები, რომლებიც „გამჭვირვალობის“, „სუვერენიტეტის“, „საზოგადოებრივი წესრიგის“ ან „ოჯახური ღირებულებების“ დაცვის სახელით იყო წარმოდგენილი, პრაქტიკაში სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებულ ჩარევას, ფართო საპოლიციო უფლებამოსილებებს, მძიმე ჯარიმებს, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, რაც საქართველოს ოდესღაც აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვნად ზღუდავდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, პოლიციას მიენიჭა ახალი სამართლებრივი ჩარჩო, რათა იძულებითი ძალის გამოყენების შესაძლებლობები გაზრდილიყო. სამართალდამცავი ორგანოები არაერთხელ მიმართავდნენ „უკანონო და სადამსჯელო ძალას უმეტესად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის ცემასა და თვითნებურ დაკავებებს“.
„მართლმსაჯულების სისტემამ აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ უსამართლობის ეს ციკლი კიდევ უფრო გააძლიერა. საქართველოს სასამართლოებმა ფაქტობრივად უზრუნველყვეს და დააკანონეს მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაცია. ათასობით ადამიანს დაეკისრა მძიმე სანქციები, მათ შორის დამანგრეველი ფინანსური ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელები, ხოლო 150-ზე მეტი მომიტინგე, აქტივისტი და ხელისუფლების კრიტიკოსი დააპატიმრეს ისეთი სამართალწარმოებების შედეგად, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, სასამართლოები, რომლებიც სულ უფრო მეტად იზოლირდებიან საზოგადოებრივი კონტროლისგან და უსამართლობის ფორმალურ დამამტკიცებელ ინსტიტუტებად იქცნენ, სჯიან განსხვავებულ აზრს, ფინანსურად ასუსტებენ მომიტინგეებს და რეპრესიებს კანონიერების ნიღაბს აფარებენ.
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავტორიტარული პრაქტიკების გამოყენება და შეცვალოს არსებული კურსი: შეწყვიტოს კანონებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება კრიტიკოსების წინააღმდეგ, უზრუნველყოს უსამართლო პროცესების შედეგად დაპატიმრებული პირებისთვის სამართლიანობის აღდგენა, უზრუნველყოს წამებისა და სხვა დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება და უზრუნველყოს სრული ანაზღაურება ყველა დაზარალებულისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

