ვიქტორ ორბანის მთავრობის პროპაგანდისტული მედიაჰოლდინგ Mediaworks-დან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო.
უნგრული ონლაინ საინფორმაციო გამოცემა Economx.hu წერს, რომ თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ დღეს დილის თათბირზე აცნობეს, შემდეგ კი მათ კომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაუყოვნებლივ ჩაბარება მოსთხოვეს.
გამოცემის ინფორმაციით, მედიაჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებებიდან ჯამში 180-200 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება, რაც საერთო პერსონალის დაახლოებით 10%-ია.
შემცირებების გამო, დახურვისა და გავრცელების შეწყვეტის საფრთხის წინაშეა Magyar Nemzet-ი და რამდენიმე რეგიონული გამოცემა.
ამ ინფორმაციას ეხმაურება უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი:
“როგორც არჩევნებამდე ვპროგნოზირებდი, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პროპაგანდისტული მანქანა იმავე წამს ჩამოიშლება, როგორც კი მას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება. და რა თქმა უნდა, ზუსტად ეს მოხდა. სიცრუის მთელი სამყარო დაიმსხვრა.” – წერს მადიარი.
ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა 12 აპრილს დასრულდა, როცა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის პარტია TISZA-მ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

