გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ნიუ ჰემფშირში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, პოლიციის 11 ოფიცერი დაშავდა. დაკავებულია აქციის ორი მონაწილე.
მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც გასაჯაროვდა 2025 წლის დეკემბერში დაღუპული 18 წლის სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის დაკავების კადრები, ამოღებული პოლიციელთა სამხრე კამერებიდან. როგორც კადრებში ჩანს, მიწაზე მწოლიარე ნოვაკი პოლიციელებს ატყობინებს, რომ დაჭრილია და სუნთქვა უჭირს, თუმცა სამართალდამცველები მას არ უჯერებენ, რადგან მასზე თავდამსხმელმა, 23 წლის მამაკაცმა, პოლიცია შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით დააჯერა, რომ მისი მსხვერპლი რასისტულ ნიადაგზე დაესხა თავს. დაჭრილ ნოვაკს სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
პირველ ივნისს, სასამართლომ 23 წლის თავდამსხმელს ვიკრუმ დიგრას, 21 წლით პატიმრობა შეუფარდეს, რის შემდეგაც ასევე გასაჯაროვდა სამხრე ჩანაწერი, რამაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. ამჟამად ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველთა საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომლის თქმითაც, სამართალდამცველთა ქმედებამ სერიოზული კითხვები წარმოშვა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს რასიზმთან დაკავშირებული ბრალდებები გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
„ვნახე სამხრე კამერების ჩანაწერი. საშინელებაა. როგორც 17 წლის ბიჭის მამა, ცუდად გავხდი ყურებისას. აბსოლუტურად სწორია, რომ სამართალდამცველთა ქცევას პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისი გამოიძიებს. ვფიქრობ, ასევე უნდა იყოს განხილული ის საკითხიც, რომ რასიზმთან დაკავშირებით წამოყენებულმა ბრალდებამ გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ამ შემთხვევაში“, – განაცხადა სტარმერმა.

