აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია – NYT

გამოცემა New York Times გავლენიან ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის რეჟიმმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი შინაპატიმრობაში მოათავსა მაშ შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მას ისრაელთან კონტაქტები ჰქონდა დამყარებული. 

New York Times-ის გამოძიების მიხედვით, წლების განმავლობაში ისრაელი საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში აჰმადინეჯადის რეკრუტირებას ცდილობდა და მოგვიანებით, ხამენეის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მის ირანის ახალ ლიდერად დანიშვნასაც გეგმავდა. 

წყაროების თქმით, ისრაელმა ირანის ყოფილ პრეზიდენტთან კავშირის დამყარება 2024 წლიდან დაიწყო, როცა უნგრელმა მაღალჩინოსანმა ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის პროფესორს, გერგელი დელის, უთხრა, რომ მას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კონფერენცია უნდა გაემართა და ღონისძიებაზე მაჰმუდ აჰმადინეჯადი მიეწვია. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ისრაელისთვის აჰმადინეჯადის რეკრუტირება იმდენად პრიორიტეტული იყო, რომ იმ პერიოდში ჯერ კიდევ ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მყოფი დავიდ ბარნეა უნგრეთის დედაქალაქში ჩავიდა აჰმადინეჯადთან პირადად შესახვედრად. 

წყაროების მიხედვით, შეხვედრიდან მალევე მოსადმა აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) აცნობა, რომ ირანის ყოფილ პრეზიდენტთან კავშირი დამყარდა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნები NYT-თან საუბრისას იმასაც ამბობენ, რომ ბოლო წლებში ისრაელი აჰმადინეჯადს საიდუმლოდ ფულსაც უხდიდა საცხოვრებელი და სამოგზაურო ხარჯებისთვის და ისრაელელი აგენტები მას უცხოეთში რამდენჯერმეც შეხვდნენ. 

საბოლოოდ, თებერვალში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული საბრძოლო იერიშების დროს, ისრაელმა აჰმადინეჯადის სხვა ადგილზე გადაყვანაც სცადა, რადგან ის თეირანში რეჟიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა. ოპერაციის მიზანი ირანის ამჟამინდელი რეჟიმის დამხობა და მის ადგილას აჰმადინეჯადის დანიშვნა იყო. თუმცა, გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

გამოცემის ინფორმაციით, 28 თებერვალს აჰმადინეჯადის საცხოვრებელ კომპლექსს საჰაერო იერიშებით დაარტყეს – სამიზნე ყოფილი პრეზიდენტის დაცვა და ჯავშანტექნიკა იყო. ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, იერიშის შემდეგ ადგილზე შავი მანქანა გამოჩნდა და აჰმადინეჯადი წაიყვანა. 

ოპერაციაზე ინფორმირებული ამერიკელი და ირანელი წყაროების თქმით, მანქანას მოსადი აგენტები მართავდნენ, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტი ირანში მდებარე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

თუმცა, ინფორმირებული პირების ცნობით, აჰმადინეჯადი უკმაყოფილო იყო სამაშველო ოპერაციითა და იმედგაცრუებული ჩანდა ისრაელის მიერ შემუშავებული რეჟიმის შეცვლის გეგმით. 

NYT-ის მიხედვით, მან მოგვიანებით უსაფრთხო ადგილი დატოვა და მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა, გასული კვირის ორშაბათის გარდა, როცა ის ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შენიშნეს. 

გამოცემის ცნობით, ამჯერად მისი სტატუსი უცნობია. თუმცა, ირანელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ამჰადინეჯადი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ფრთის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, შინაპატიმრობაში, მას შემდეგ, რაც რეჟიმმა ისრაელთაn მისი კავშირების შესახებ შეიტყო. 

იტვირთბა....