აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ მაინტერესებს, რას ამბობს გვარამია, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან საუბრისას ერთი და იგივე იყო” – გრიგოლ გეგელია

ყველამ მკაფიოდ მოვისმინეთ შეხვედრაზე და ვნახეთ აშშ-ის საელჩოს საჯარო განცხადებაც, რომ პოლიტიკური მონაწილეობა და წარმომადგენლობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, პარტნიორებისგან იყო არა საყვედური ბოიკოტთან დაკავშირებით, არამედ რჩევა, რა არის უკეთესი.

„ვფიქრობ, ინგლისურის ცოდნა არ არის საჭირო, რომ მათ შორის ქართული ტექსტიდან გამოიტანო ადეკვატური და სწორი შინაარსი. როდესაც წერია, ვციტირებ: „ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც ხმა მისცეს. საგარეო შეხვედრები არ ხდება იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეს უსაყვედუროს, ჭკუა ასწავლოს, დატუქსოს. ჩვენ არასდროს არ ვართ მზად, მსგავსი ტიპის ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა. ახლაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები გვირჩევენ, მათი აზრით, რა არის უმჯობესი“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელიას განმარტებით, 2024 წელს გავიდნენ ბოიკოტში კონკრეტული ისტორიული ვითარების პასუხად და კონკრეტული განაცხადით, რომ ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ უნდა მომხდარიყო და არც მოხდა.

„ამ ფაზაში, რომელშიც ვართ, მას შემდგომ პერიოდში, ბევრი ისტორიული პროცესიც ვნახეთ, ვნახეთ 2025 წლის არჩევნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო პოლიტიკური ბრძოლის საწარმოებლად და რომელიც, სამწუხაროდ, დემოკრატიული ძალების ნაწილმა უბრალოდ ხელიდან გაუშვა. ეს კი არის ადამიანების დაღალატება. ჩვენ არ დავაღალატებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული „აპეტიტი“ პოლიტიკური ბრძოლის ნახვისა. ბოიკოტი, რომელიც 2024 წელს გამოცხადდა, იყო ძალიან კონკრეტული, იმ ისტორიული ვითარების პასუხად მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ ბოიკოტი საერთოდ და საზოგადოდ უნდა იქცეს უპირობო ტენდენციად, რომ მუდმივი ბოიკოტის რეჟიმში უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენი პოლიტიკური ძალა რომ პარლამენტში შესულიყო, უფრო ეფექტური იქნებოდა „ძლიერი საქართველო“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ? დღევანდელი გადმოსახედიდან, ფიქრობთ თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს?“, – გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა: „ეს ისეთი კითხვაა – პირველი მსოფლიო ომი რომ არ ყოფილიყო, მეორე იქნებოდა თუ არაო. რაც არ მომხდარა, იმაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მალე ორი წელი გავა, რაც ახალი არჩევნებისთვის ვიბრძვით, ახალი არჩევნები გვინდა, რათა დიახ, ვიყოთ პარლამენტშიც და ეროვნულ ხელისუფლებაშიც. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენი სურვილია, ვიყოთ წარმოდგენილები პოლიტიკურ ინსტიტუტებში“.

ამასთან, გრიგოლ გეგელიას თქმით, არ აინტერესებს, რას განაცხადებს ნიკა გვარამია.

„მე ის უფრო მაინტერესებს, რას განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. არ მაინტერესებს, რას ამბობს გვარამია. აშშ-ის განცხადება რეალურად არანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას არ ტოვებს. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან საუბრისას ერთი მესიჯი ჰქონდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი როცა მანიპულირებს, რომ გრიგოლ გეგელია სხვა ამერიკელებს შეხვდა, საკითხავია, ვინ ვის შეხვდა და რა წარმატებით გაიგეს ან ქართულად ან ინგლისურად ამერიკის გზავნილები, რადგან შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან საუბრისას ერთი და იგივე იყო“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით გუშინ, 2 ივნისს განაცხადა: „გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს“.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „გეგელია ან სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან იტყუება, მსგავსი არაფერი უთქვამთ და არც შეიძლება, ეთქვათ“.

იტვირთბა....