მოლდოვაში „ევროვიზიის“ ხმის მიცემის შედეგების გარშემო დაწყებულ პროტესტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გადადგომა მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასობით მოქალაქემ სოციალურ ქსელებში გააკრიტიკა მოლდოვის ეროვნული ჟიურის გადაწყვეტილება, რომელმაც მეზობელი რუმინეთის წარმომადგენლის გამოსვლა სამი ქულით შეაფასა.
მოქალაქეთა უკმაყოფილების ფონზე მოლდოვის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, ვლად ტურკანუმ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ დისტანცია დავიკავეთ ჟიურის კენჭისყრისგან, თუმცა პასუხისმგებლობა მაინც ჩვენზეა, პირველ რიგში კი – ჩემზე, როგორც ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელზე“, – განაცხადა ვლად ტურკანუმ.
მოლდოვის ეროვნულმა ჟიურიმ, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეარჩია, მაქსიმალური 12 ქულა პოლონელ კონკურსანტს დაუწერა, რომელმაც ევროვიზიაზე მე-12 ადგილი დაიკავა.
10 ქულა მიიღო ისრაელმა, რომელმაც კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. „ევროვიზიის“ გამარჯვებულად ბულგარეთი გამოცხადდა.
როგორც „როიტერი“ წერს, მოლდოველმა ტელემაყურებლებმა, რომელთა ხმებიც საბოლოო შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული, 12 ქულა რუმინეთს მიანიჭეს.
„როიტერის“ ცნობით, მაყურებლებმა ასევე აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ჟიურიმ უკრაინის წარმომადგენელს არცერთი ქულა არ დაუწერა.
ევროვიზიაზე მოლდოვის წარმომადგენელმა სატოშიმ განაცხადა, რომ რუმინეთისადმი მასობრივი საზოგადოებრივი მხარდაჭერა „მოლდოვის საზოგადოების რეალურ აზრს ასახავს“.

