სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის, სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს.
კანონით დადგენილი წესით, სააღდგომო ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს. პროცესის მიმდინარეობას სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გაეცნო.
როგორც პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, ამანათის შეგზავნას ახლობელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყველა მსურველი შეძლებს.
“როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ წინასწარვე დაანონსდა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება გუშინ დილიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ვიმუშავებთ მანამ, სანამ ყველა ადამიანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სააღდგომო ამანათს არ მიიღებს“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
სააღდგომო ამანათების მიღება 30 აპრილის, საღამომდე გაგრძელდება.