უკრაინის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანდრეი სიბიგა და ანიტა ორბანი შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინელ და უნგრელ ექსპერტებს შორის კონსულტაციების რაუნდი ჩატარდება.
„შევთანხმდით, რომ ამ კვირაში ჩავატარებთ ექსპერტების დონეზე უნგრეთ-უკრაინის კონსულტაციების რაუნდს, რათა ვიპოვოთ პრაქტიკული და სანდო გადაწყვეტილებები ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრები უნგრული უმცირესობისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ორივე ქვეყანას, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენი მიზანია ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის უზრუნველყოფა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა დაუყოვნებლივ გახსნას ახალი, ურთიერთსასარგებლო თავი უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებში.
„მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ყველა საკითხზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობების თემაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის მიზნით“, – აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, ასევე განიხილეს უფრო ფართო რეგიონული, ევროპული და საერთაშორისო დღის წესრიგი.
„შევეხე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზის საკითხს და კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი მზადყოფნა მოლაპარაკებების კლასტერების უფრო სწრაფად გახსნისთვის“, – აცხადებს სიბიგა.

