აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის შეზღუდვა მოხსნა

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის შეზღუდვა მოხსნა – ინფორმაციას Euro News ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს სიმბოლური ჟესტია მრავალწლიან მეტოქეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ონჯუ ქეჩელის განცხადებით, ახალი შეთანხმების თანახმად, თურქეთიდან ან სომხეთიდან მესამე ქვეყნის გავლით გადაზიდული საქონლის დოკუმენტაციაში უკვე შესაძლებელია საბოლოო დანიშნულების ადგილად ან წარმოშობის წერტილად პირდაპირ თურქეთის ან სომხეთის მითითება, რითაც მოიხსნა მანამდე არსებული აკრძალვა მსგავს აღნიშვნებზე.

“სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცების ისტორიული შესაძლებლობის გათვალისწინებით, თურქეთი კვლავაც შეიტანს წვლილს რეგიონში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობის შემდგომ წინსვლაში, რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ“ – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ონჯუ ქეჩელი

“გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალიზებული ურთიერთობების დამყარებისკენ, რაც ლოგიკურად შეიძლება გაგრძელდეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნითა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით“ – დაწერა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელ X-ში.

თურქეთსა და სომხეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. ქვეყნებს შორის საზღვარი 1990-იანი წლებიდან ჩაკეტილია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში დაძაბული იყო ისტორიული უთანხმოებებისა და თურქეთის მჭიდრო კავშირის გამო აზერბაიჯანთან, თუმცა, 2021 წლის ბოლოს ანკარა და ერევანი შეთანხმდნენ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და დანიშნეს სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც საზღვრის გახსნისა და შერიგების გზებს განიხილავენ. ამ პროცესის შედეგად უკვე აღდგა პირდაპირი ავიარეისები და ნაწილობრივ გამარტივდა სავიზო რეჟიმიც.

იტვირთბა....