რუსებმა უკრაინაზე თავდასხმა 670-ზე მეტი დრონისა და 56 რაკეტის გამოყენებით განახორციელეს – ეს ნამდვილად არ არის მათი ქმედება, ვისაც სჯერა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„კიევში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობის ნაწილი მთლიანად განადგურებულია. ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსული ძალების მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო.
„სულ, გუშინდელი შუაღამის შემდეგ, რუსეთმა ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცის დასაცავად მხარდაჭერა გაგრძელდეს. PURL ინიციატივა საჭიროა, რათა უკრაინამ მსგავსი ბალისტიკური დარტყმებისგან თავის დაცვა შეძლოს. ასევე, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

