რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უფლებამოსილებებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების საკითხში.
დოკუმენტს 384-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ცვლილებები შევა „მოქალაქეობის შესახებ“ და „თავდაცვის შესახებ“ ფედერალურ კანონებში. ახალი ნორმების თანახმად, პუტინს შეუძლია, გამოიყენოს არმია „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად“ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზღვარგარეთ დააპატიმრეს, დააკავეს ან სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან იმ სასამართლოების მიერ, რომლებიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე მოქმედებენ ან საერთაშორისო ინსტანციების მიერ, რომლებსაც მოსკოვი არ აღიარებს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტს ჯარების საზღვარგარეთ გაგზავნა შეეძლო მხოლოდ იმ გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რომლებიც „რუსეთის ინტერესებს“ ან „ქვეყნის საჯარო სამართლებრივ წესრიგის საფუძვლებს“ ეწინააღმდეგება.
სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი წარადგინეს როგორც „რუსეთის მოქალაქეების დაცვის გაძლიერების“ ზომა არამეგობრული უცხო სახელმწიფოების „არამართლზომიერი ქმედებებისგან“.

