შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე დაიწყო. ამ წუთებში ტრამპი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან მართავს მოლაპარაკებებს.
შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი ესწრებიან.
დონალდ ტრამპმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე სი ძინპინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება.
„არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო“, – უთხრა დონალდ ტრამპმა სი ძინპს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ურთიერთობა ნებისმიერ წინა სახელმწიფო მეთაურთა ურთიერთობაზე გრძელვადიანი და მჭიდროა.
„მე და თქვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. სინამდვილეში, ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთა ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. ბევრმა არ იცის, მაგრამ პრობლემა რომ წამოიჭრებოდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიური საერთო მომავალი გველოდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

