ლატვიის პოლიციის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდნენ.
პოლიციამ საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოაცხადა ბალვის, ლუძასა და რეზეკნეს რაიონებში.
პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რეზეკნეში, რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში, ნავთობსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ნავთობის რეზერვუარებზე ტემპერატურის მომატება არ დაფიქსირებულა.
მეორე დრონის ჩამოვარდნის ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი რეზეკნის რეგიონისკენ გაემგზავრა.
„ეროვნული შეიარაღებული ძალები ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად საჰაერო სივრცეზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებენ, საბრძოლო თვითმფრინავები ჰაერში არიან“, – განაცხადა სპრუდსმა.
სპრუდსმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყვნენ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებისკენ მიემართებოდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ ვარაუდია და საჭიროა ინფორმაციის გადამოწმება.

