სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას.
მისი ინფორმაციით, წუხელ რუსებმა პოლტავას ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ზელენსკი წერს, რომ რუსებმა ასევე დაარტყეს ხარკოვის ოლქს, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თავდასხმა განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნიპროში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. პავლოგრადში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.
„საერთო ჯამში, რუსეთის მთავარი სამიზნე ღამით ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება. რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ცეცხლი და ეს შეაჩერებს ომს და ჩვენს პასუხს. საჭიროა მშვიდობა მის მისაღწევად რეალური ნაბიჯების გადადგმა. უკრაინა ანალოგიურად იმოქმედებს“, – აცხადებს ზელენსკი.

