იტალიის პრემიერმინისტრი სომხეთიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.
“აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან. იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
ჩვენთვის იტალიის ბაზარი უმნიშვნელოვანესია როგორც ნავთობისთვის, ასევე გაზისთვის. იტალიას წამყვანი პოზიცია უჭირავს ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში პროექტების განხორციელებაში” – დაწერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა X-ზე ჯორჯა მელონისთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც, სადაც მელონიმ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა:
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, იტალიაში გაზისა და ნავთობის ექსპორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ დიდი სიამაყით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კავშირების განმტკიცებაზე. ჩვენი მეგობრობა ფესვგადგმულია ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს საზოგადოებებს შორის კავშირებსა და ჩვენს კულტურულ კავშირებში. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწევს“, – განაცხადა მელონიმ. მისივე თქმით, ეს იტალიის პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში 2013 წლის შემდეგ.

