ერევანში მიმდინარე სამიტიც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია, განსაკუთრებით ახლა, როცა ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი იწყება.
მისივე თქმით, ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები, პრინციპები.
„შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები, პრინციპები. სწორედ ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ დღეს კანადას ვუმასპინძლებთ ამ საკითხების განსახილველად. რა თქმა უნდა, ერევანში მიმდინარე სამიტიც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა კაია კალასმა.
კითხვაზე, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფანი და საქართველო, კალასმა უპასუხა:
„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმას, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ყველა განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია, შემცირდეს ერთი სავაჭრო გზის დახურვის რისკები. სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი დაკავშირებადობა და ეს მარშრუტები. რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები“.
კალასს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა.
„საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს რაც შეეხება, გეოგრაფიას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომელი ქვეყნები არიან აქ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დისკუსიები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ, რათა შევძლოთ „შუა დერეფნის“ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კაია კალასმა.

