ევროკავშირი META-ს სოციალურ პლატფორმებს, Facebook-სა და Instagram-ს წესების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომპანიამ 13 წლამდე ასაკის ბავშვების დასაცავად მეტი უნდა გააკეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ციფრული სერვისების შესახებ“ ევროკავშირის კანონის თანახმად, META გაერთიანების ტექნოლოგიურ რეგულაციებს არღვევს, რომლის მიხედვითაც 13 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელების ანგარიშების შექმნის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
„ციფრული სერვისების შესახებ“ ევროკავშირის კანონი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, მეტი გააკეთონ თავიანთ პლატფორმებზე უკანონო და დამაზიანებელი შინაარსის მქონე მასალების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ჰენა ვირკუნენის განცხადებით, META საკმარისს არ აკეთებს მოზარდების დასაცავად, მათ შორის სერვისებზე წვდომის დროს მათი იდენტიფიცირების კუთხით. მისივე თქმით, Facebook-სა და Instagram-ს ევროპაში 13 წლამდე ასაკის ბავშვების 10-12% იყენებს.
„ჩვენი წინასწარი დასკვნები აჩვენებს, რომ Instagram-ი და Facebook-ი ძალიან ცოტას აკეთებს, რომ ამ ასაკის ბავშვებს მათ სერვისებზე წვდომის საშუალება არ მისცენ. წესები და პირობები არ უნდა იყოს მხოლოდ წერილობითი განცხადებები, არამედ კონკრეტული ქმედებების საფუძველი მომხმარებლების – მათ შორის ბავშვების დასაცავად“, – განაცხადა ვირკუნენმა.
მედიის ცნობით, Meta-ს შეუძლია უპასუხოს ბრალდებებს და მიიღოს ზომები, ვიდრე კომისია გამოიტანს გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.

